თამარ ტყეშელაშვილმა საზოგადოებას განაცხადების განახლებული სტატისტიკა გააცნო. დღეს დილიდან ამ მომენტისთვის განაცხადების რაოდენობა 100- ით გაიზარდა. მისივე თქმით, რეგისტრაცია შაბათ დღესაც არის შესაძლებელი.
"ამ დროისთვის შემოსულია 322 განაცხადი. დილის მონაცემებით იყო 233", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა.
მისივე განმარტებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, რეგისტრირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
"აღქმების, მისკომუნიკაციისა და დეზინფორმაციის თაობაზე კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო განმარტება და ძალიან ხაზგასმით ვთქვა, რომ ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია თითქოსდა კანონს ემორჩილება მხოლოდ 1 პროცენტი. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1 პროცენტზე ნაკლები. ამით შევწყვიტოთ რიცხვებზე და შიშებზე მანიპულაციებით საუბარი და გადავიდეთ სამართლებრივ თემებზე", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.