შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ამერიკულ მედიას მისცა პირველი სატელევიზიო ინტერვიუ, როგორც აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა.
კამალა ჰარისს ტელეარხ CNN-ის ჟურნალისტთან ინტერვიუსას თან ახლდა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ უოლზი.
ინტერვიუს მიმდინარეობისას, კამალა ჰარისი შეეცადა, გაექარწყლებინა ეჭვები, ხომ არ შეცვლილა მისი ლიბერალური პოზიციები ამა თუ იმ საკითხზე განაცხადა, რომ „მისი ღირებულებები არ შეცვლილა“.
პოზიციების შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ არ შეეცდება შეერთებულ შტატებში „ფრეკინგის მეთოდის“ გამოყენების აკრძალვას. ამერიკული მედია შენიშნავს, რომ გარემოსდაცვითი მოტივებით, კამალა ჰარისი 2019 წელს ეწინააღმდეგებოდა „ფრეკინგის მეთოდის“ გამოყენებას.
"ფრეკინგი" არის პენსილვანიის ეკონომიკის გასაღები. პენსილვანია კი არის მერყევი შტატი, რომლის შედეგებმაც შესაძლოა, შეცვალოს არჩევნების ბედი.
"ფრეკინგის მეთოდი" - გაზის მოპოვების მეთოდი. ამ მეთოდით ხდება წყლის, ქვიშის და ქიმიური ნივთიერებების ნაერთის ჰიდრავლიკური წნევით დიდ სიღრმეზე ჩაშვება და მყარი ქანების გახეთქვა, რის შემდეგაც ხდება გაზის გამონთავისუფლება, რომელიც ზედაპირზე ამოდის. ეკოლოგები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ მეთოდის გამოყენებას.
ჰარისმა ასევე ისაუბრა საიმიგრაციო რეფორმის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ ხედავს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას. მან ასევე დაადასტურა, რომ უარს არ იტყვის ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაზე.
კამალა ჰარისმა, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სავსებით რეალურია, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობის რომელიმე წევრი რესპუბლიკელი იყოს. თუმცა, ჰარისს კონკრეტული სახელები და თანამდებობები არ დაუსახელებია და თქვა, რომ არჩევნებამდე 68 დღე დარჩა და არ ისურვებდა მოვლენების წინასწარ განხილვას.
კამალა ჰარისს აკრიტიკებდნენ, რადგან ის ბოლო კვირების განმავლობაში თავს არიდებდა ინტერვიუებს. CNN- თან ინტერვიუს შემდეგ, განცხადება გაავრცელა დონალდ ტრამპის საარჩევო შტაბმა, რომელმაც გააკრიტიკა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.
"ჰარისმა 16 წუთი ილაპარაკა და არაფერი თქვა ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებაზე. მან მხოლოდ 3 წუთი და 25 წამი დახარჯა ეკონომიკის განხილვაზე და 2 წუთი და 36 წამი სიმიგრაციო საკითხებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენეთ, კამალა ჰარისის და დონალდ ტრამპის სატელევიზიო დებატები 10 სექტემბერს, ABC News-ის ეთერში გაიმართება.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 5 ნოემბერს გაიმართება.