რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი არ არის შეშფოთებული ვლადიმირ პუტინის მონღოლეთში ვიზიტისას მისი შესაძლო დაკავებით.
"არა, არანაირი შეშფოთება არ არსებობს", - თქვა პესკოვმა პარასკევს, 30 აგვისტოს, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა კრემლს რაიმე შეშფოთება პუტინის მოახლოებული მოგზაურობის გამო.
პესკოვის თქმით, კრემლს "ჩინებული დიალოგი აქვს მეგობრებთან მონღოლეთიდან".
კითხვაზე, იყო თუ არა მოლაპარაკებები მონღოლეთის ხელისუფლებასთან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს [ICC] მიერ გაცემული ორდერის შესახებ, რომელიც პუტინის დაკავებისთვის გამოიცა, პესკოვმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, ვიზიტის ყველა ასპექტი საგულდაგულოდ იყო მომზადებული".
Bloomberg-ის ინფორმაციით, მონღოლეთმა დაარწმუნა პუტინი, რომ ქვეყანაში ვიზიტისას არ დააკავებენ ICC-ის ორდერის საფუძველზე.
კრემლის განცხადებით, პუტინი მონღოლეთში ქვეყნის პრეზიდენტის მიწვევით ჩავა. ორი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობას მიიღებს ხალხინ-გოლის ბრძოლების 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. ამ ბრძოლებში საბჭოთა და მონღოლურმა ძალებმა ერთობლივად დაამარცხეს იაპონური ჯარები.
ეს არის პუტინის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელსაც რატიფიცირებული აქვს რომის სტატუტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მონღოლეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია და ფორმალურად ვალდებულია, აღასრულოს ამ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა.