რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის კრამატორსკზე ღამით სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა. მისივე თქმით, სასტუმრო დაზიანდა.
ფილაშკინის თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ერთი კი ნანგრევების ქვეშ მოყვა.
ყველა დაშავებული Reuters-ის ჟურნალისტია - უკრაინის, აშშ-ის, ლატვიისა და გერმანიის მოქალაქეები.
ნანგრევების ქვეშ ბრიტანელი ჟურნალისტია მოყოლილი.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 24 აგვისტოს, 22:35 საათზე, რუსეთის ძალებმა კრამატორსკს „ისკანდერ-მ“ კომპლექსიდან გასროლილი რაკეტით დაარტყეს.
სასტუმროს გარდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსებიც.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ დარტყმის შედეგად ორსართულიანი შენობა ნაწილობრივ დაინგრა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.