პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ოპერაციამ რუსეთის კურსკის ოლქში ხელი შეუშალა სუმის ოლქის ნაწილის და ქალაქ სუმის ოკუპაციას.
ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ძალიან დადებითად ვუყურებ, თუ როგორ მიდის ოპერაცია {კურსკის ოლქში} ამ მიმართულებით. ოპერაცია რთულია, მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი გეგმის მიხედვით წარიმართოს.
ამ ოპერაციის რამდენიმე შედეგია, ყველა მათგანზე ვერ ვისაუბრებ. პირველ რიგში, {ტყვეთა} გაცვლითი ფონდი. ეს არის ის, რისი თქმაც ღიად შეიძლება. ის ივსება, ეს დადებითია.
მეორე - რუსეთის ოპერაციის შეჩერება ჩრდილოეთში, პრევენციული დარტყმა, ჩვენ ეს დავალება შევასრულეთ.
ჩვენ აღვკვეთეთ სუმის რეგიონის ნაწილის ალყაში მოქცევა და რეგიონის დედაქალაქის, ქალაქ სუმის ოკუპაცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში ოპერაციის მიზნები იმაზე მეტია, ვიდრე მან საჯაროდ განაცხადა და რწმენა გამოთქვა, რომ ეს მიზნები მიღწეული იქნება.
მისივე თქმით, ოპერაციის ერთ-ერთი მიზანია - "რეალობის ჩვენება, ვინ არის პუტინი".
„დავანახოთ საზოგადოებას, რა არის მისთვის უფრო ღირებული - უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია თუ მისი მოსახლეობის დაცვა.
და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი, რის შესახებაც ჩემს პარტნიორებს ვუთხარი - ჩვენ ეს ახლა პრაქტიკაში ვაჩვენეთ.
ის ჯერ კიდევ ფიქრობს როგორ შეინარჩუნოს დაკავებული ტერიტორიები და არ ფიქრობს როგორ დაიცვას თავისი ხალხი სათანადოდ.
ის ახლა თავის სოფლებს ბომბავს. უბრალოდ ბრავო, მისი ხალხი იქ შოკირებულია, რომ სჯეროდათ ამ დემონის. დაინახეთ ის სახე, რომელსაც ახლა უჩვენებს თავის საზოგადოებას“.