შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ოფიციალურად მიიღო დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა, რითაც დასრულდა ჩიკაგოში მიმდინარე პარტიის ეროვნული ყრილობა.
დასკვნით სიტყვაში, კამალა ჰარისმა ისაუბრა თავისი ბიოგრაფიის ძირითად ეპიზოდებზე, გამოკვეთა საარჩევნო კამპანიის საკვანძო პუნქტები და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა კონკურეტნი საპრეზიდენტო რბოლაში, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
"ვიცი, რომ ახლა გვიყურებენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები და მინდა იცოდეთ, რომ გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი", - თქვა კამალა ჰარისმა.
ჰარისმა ისაუბრა თავის მიზნებზე, რომლის შესრულებასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. მის მთავარ საარჩევნო დაპირებებს შორისაა საშუალო ფენის ამერიკელებისთვის გადახადების შემცირება, საიმიგრაციო სისტემის რეფორმირება, კონფლიქტის დასრულება ახლო აღმოსავლეთში, ნატოელი მოკავშირეებისა და უკრაინის ურყევი მხარდაჭერა.
წინა დღით, ჩიკაგოში გამართულ ყრილობაზე მინესოტის გუბერნატორმა ტიმ უოლზმა ოფიციალურად მიირო პარტიის ვიცეპრეზიდენტის კანდიდატობა. იმავე დღეს სიტყვით გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელმაც მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა კამალა ჰარისსა და ტიმ უოლზს.
კლინტონმა გამოთქვა რწმენა, რომ ჰარისი და უოლზი იქნებიან "სუფთა ჰაერი" შეერთებული შტატებისთვის და ამერიკელები, რომლებიც მათ აირჩევენ, "ამით იამაყებენ სიცოცხლის ბოლომდე".
დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის დასრულების შემდეგ, მოქალაქეთა და მედიის ყურადღება მიპყრობილი იქნება საპრეზიდენტო დებატებზე, რომელიც 10 სექტემებრს გაიმართება კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 5 ნოემბერს გაიმართება.