აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ღაზაში „ჰამასთან“, მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რადგან ღაზოს სექტორში მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
აშშ-ისა და ისრაელის ლიდერებმა ტელეფონით მას შემდეგ ისაუბრეს, რაც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაასრულა ახლო აღმოსავლეთის ტური, რომელიც მიზნად ისახავდა შეთანხმების მიღწევას რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე.
„საუბრისას განიხილეს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, ასევე დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონალური დაძაბულობის დეესკალაციისთვის“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრი სახლის ცნობით, სატელეფონო საუბარში ჩართული იყო აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი.
ბაიდენმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია ნეთანიაჰუს "აშშ-ის მცდელობების შესახებ, მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვას ირანისა და მისი სატელიტური ტერორისტული დაჯგუფებების საფრთხეებისგან".
გასულ კვირას ისრაელმა მხარი დაუჭირა შუამავლების მიერ დოჰაში წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დროებით შეწყვეტას და ისრაელელი მძევლების პალესტინელ პატიმრებზე გაცვლას ითვალისწინებს. თუმცა „ჰამასი“ ამ წინადადებას არ თანხმდება და აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა, რაც ღაზის სექტორის საზღვრებზე სამხედრო წარმომადგენლობის შენარჩუნებას ითვალისწინებს და ეს „ჰამასის“ წევრებისთვის მიუღებელია.