ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულმა პარტიამ დაასრულა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენის პროცესი მას შემდეგ, რაც კამალა ჰარისი კანდიდატობას ოფიციალურად დასთანხმდა.
კამალა ჰარისი ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიდან, ვიდეოზარის მეშვეობით შეუერთდა ჩიკაგოში მიმდინარე დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობას, რათა ოფიციალურად დათანხმებოდა კანდიდატობის შეთავაზებას.
"ჩვენთვის პატივია, ვიყოთ თქვენი [პარტიის დელეგატების] კანდიდატები. ეს არის კამპანია, რომელიც დაფუძნებულია ხალხის ძალაუფლებაზე და ჩვენ ერთად განვამტკიცებთ ამ გზას", - თქვა ჰარისმა.
შეერთებული შტატებისა და ტერიტორიების დელეგატებმა ყრილობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურას.
იმ დროისთვის, კამალა ჰარისი და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლზი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდნენ მილუოკიში.
კამალა ჰარისი თავისი საპროგრამო სიტყვით დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის ბოლო დღეს, 22 აგვისტოს გამოვა.
4 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ის საპრეზიდენტო კამპანიას შეუერთდა, ჰარისის საარჩევნო შტაბმა მოაგროვა თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი დონორებისგან. ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო რბოლის დატოვებამდე მოზიდულ თანხებთან ერთად, მთლიანად პარტიის მიერ მოზიდულმა თანხამ მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც რეკორდულია.