ბაქოს BRICS-ში გაწევრიანება სურს. ინფორმაციას ავრცელებს "დოიჩე ველე" რუსეთში აზერბაიჯანის ელჩ ფოლად ბულბულოღლიზე დაყრდნობით.
"აზერბაიჯანმა ნამდვილად გამოთქვა ასეთი სურვილი", - აღნიშნა დიპლომატმა. "ჩვენ ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით რუს კოლეგებთან, მაგრამ ეს პროცესია და ამ საკითხზე მუშაობა უნდა განვაგრძოთ", - დასძინა მან ორგანიზაციაში გაწევრიანების კონკრეტული ვადების მითითების გარეშე.
2024 წლის 1 იანვრიდან BRICS-ის თავმჯდომარეობა რუსეთმა გადმოიბარა.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 2024 წლის ოქტომბერში იგეგმება.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით დაარსებულ სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ გაერთიანებას BRICS 2024 წლიდან 5 ახალი სახელმწიფო შეუერთდა. ეს სახელმწიფოებია ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.
მანამდე BRICS-ში ხუთი სახელმწიფო იყო გაერთიანებული. ორგანიზაციის სახელწოდება მისი წევრი ქვეყნების დასახელებების პირველი ასოებისგან შედგება - B – Brazil (ბრაზილია), R – Russia (რუსეთი), I – India (ინდოეთი), C – China (ჩინეთი), S – South Africa (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
გაერთიანებაში გაწევრიანების მოწვევა არგენტინასაც ჰქონდა მიღებული, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში ხავიერ მილეის გამარჯვების შემდეგ, ბუენოს აირესმა უარი თქვა გაწევრიანებაზე და ამის შესახებ ოფიციალურად აცნობა სხვა წევრებს.