ვისაც ეს ტროლები და ბოტები ჰყავს და ცდილობს დისონანსი შემოიტანოს ქვეყანაში, იმ ადამიანებმა იდარდონ. ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ასეთი ექაუნთი არ არსებობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
"მეტას მიერ გაუქმებულ გვერდებთან, ტროლებთან თუ ბოტებთან დაკავშირებით, მოდი, იდარდონ იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ბოტების ქარხნები აქვს. ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენი გუნდის ლიდერები იქნება, თუ ჩვენი პარტიის ოფიციალური გვერდები, როგორ შემოესევიან ხოლმე აღშფოთებული ინდოელი და პაკისტანელი ექაუნთები და როგორ აჰაჰავებენ-იქნება თუ, რაღაცა კომენტარებს წერენ. შესაბამისად, ვისაც ეს ტროლები და ბოტები ჰყავს და ცდილობს დისონანსი შემოიტანოს ქვეყანაში, იმ ადამიანებმა იდარდონ. ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ასეთი ექაუნთი არ არსებობს" - ამბობს გორდულაძე.
შეგახსენებთ, Meta ახალ ანგარიშში წერს, რომ კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაიშალა 76 ფეისბუქანგარიში, 30 ფეისბუქგვერდი და 11 ინსტაგრამანგარიში. მათივე განცხადებით, ეს ქსელი რუსული წარმოშობისაა და მისი სამიზნე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია.
Meta-ს ცნობით, საქართველოში ეს გვერდები და ანგარიშები ბოლო პერიოდში რუსულ კანონთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციების საწინააღმდეგო პოსტებს ავრცელებდნენ. მიზანმიმართული კამპანიის ფარგლებში, ისინი დემონსტრანტებს აკრიტიკებდნენ, ხოლო მმართველ "ქართული ოცნების" პარტიას უჭერდნენ მხარს.