აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვენესუელაში მხარს დაუჭერს ხელახალი არჩევნების ჩატარებას მას შემდეგ, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ ივლისის ბოლოს კენჭისყრა არ იყო გამჭვირვალე. იუწყება Reuters.
ბაიდენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა მას შემდეგ, რაც ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ გამოთქვა იდეა ვენესუელაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.
შეკითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ის ახალ არჩევნებს ვენესუელაში, ჯო ბაიდენმა მოკლედ უპასუხა: „დიახ, მხარს ვუჭერ“.
ვენესუელაში საპრეზიდნეტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართა. ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ მადურომ, რომელიც მანამდე ქვეყანას ორი საპრეზიდენტო ვადით მართავდა, ამომრჩეველთა 51,2 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
არჩევნების შემდეგ გონსალესის მხარდამჭერები ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ, რასაც მოჰყვა უშიშროების ძალების და შეიარაღებული პრო-სამთავრობო ჯგუფების მიერ მათი დარბევა.
ოპოზიციის მტკიცებით, ხმების სამართლიანი დათვლით გონსალესს არჩევნები დაახლოებით 67 პროცენტით უნდა მოეგო. ამ მტკიცების მხარდასაჭერად, მადუროს ოპონენტებმა გამოაქვეყნეს ვენესუელაში პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმების 80 პროცენტზე მეტი. წინასაარჩევნო გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ მადუროს დამარცხება გარდაუვალი იქნებოდა.
3 აგვისტოს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს 2000 ადამიანი დააკავეს, დაღუპულია 20-მდე ადამიანი.