რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სუ-34 ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
„ღამით, კურსკის ოლქის (რუსეთის ფედერაცია) ტერიტორიაზე, საბრძოლო დავალების შესრულებისას, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების მიერ ჩამოგდებულია რუსული სუ-34 ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენი, ” - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.
როგორც უკრაინული მედია წერს, 14 აგვისტოს ღამით რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, სადაც „სავასლეიკას“ სამხედრო აეროდრომია განთავსებული, აფეთქებების ხმა ისმოდა.
ამ აეროდრომიდან ფრინდებიან მიგ-31კ-ს ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც გადააქვთ „კინჟალის“ რაკეტები.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს NASA-ს სატელიტური ფოტო, რომელშიც ჩანს ხანძარი ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, „სავასლეიკას“ აეროდრომის მიდამოში, დრონებით თავდასხმის შემდეგ.