„ჰამასმა“ ღაზის სამხრეთ ტერიტორიიდან - ხან იუნისიდან თელ ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ერთ-ერთი რაკეტა ზღვაში ჩავარდა, ერთი კი ისევ ღაზის სექტორში. ინფორმაციას Times Of Israel ავრცელებს.
თელ-ავივში განგაშის სირენები არ ამოქმედებულა, რადგან ჰამასის მიერ გაშვებული რაკეტები დანიშნულების ადგილამდე არ მისულა.
„ჰამასმა” აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.
ამასთან, Times Of Israel -ის ცნობით, გასულ ღამეს, ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ დაახლოებით 25 რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას გამოცემა ავრცელებს.
განგაშის სიგნალი ისმოდა ზემო გალილეის რეგიონში, კერძოდ, მერონის მთაზე, ქალაქ ჰურფეიშში, ელკოშის დასახლებაში, სოფელ ფასუტასა და ბეით-ჯანში.
პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ღაზაში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაფაში ოპერაციისას 100-ზე მეტი შეიარაღებული მებრძოლი გაანადგურეს.