უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთის კურსკის ოლქში ტერიტორიის წაღებით, ჩვენ სურს გვსურს დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
როგორც უწყება აღნიშნავს, უკრაინის ოპერაცია მტერს დონეცკის რეგიონში დამატებითი შენაერთების გადაყვანის საშუალებას არ აძლევს და ართულებს მათ ლოჯისტიკას.
„რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით, ჩვენ სხვისი არაფერი გვინდა. უკრაინა არ არის დაინტერესებული კურსკის ოლქში ტერიტორიის წაღებით, გვინდა ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ცივილიზებული ევროპული სამხედრო ძალაა, რომელიც სრულად იცავს ომის წესებსა და კანონებს, საერთაშორისო სამართალს. უკრაინის არმიის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ხასიათისაა. ოპერაციის მიზანია ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა და უკრაინის ტერიტორიის დაცვა რუსეთის ფედერაციის დარტყმებისგან. რუსეთი რაც მალე დათანხმდება სამართლიანი მშვიდობის აღდგენას, კერძოდ, „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე, მით უფრო სწრაფად შეწყდება უკრაინის თავდაცვის ძალების რეიდები რუსეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გეორგი ტიხიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზაფხულის დასაწყისიდან დღემდე რუსეთის კურსკის ოლქიდან უკრაინის სუმის ოლქზე 2 000-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა, მათ შორის, გამოყენებული იყო მართვადი საავიაციო ბომბები და რაკეტები.
„სამწუხაროდ, უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, შორი მანძილიდან მიიტანოს დარტყმები იმ შეიარაღებით, რომელიც გვაქვს, რათა ამ ტერორისგან თავი დავიცვათ. გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებასაც დაჟინებით ვითხოვთ, ჯერ არ არის. ამიტომ არის საჭირო, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებით განხორციელდეს ამ საზღვრისპირა ტერიტორიების გათავისუფლება რუსეთის სამხედრო კონტინგენტისგან, რომელიც უკრაინაზე დარტყმებს ახორციელებს“, – განაცხადა გეორგი ტიხიმ.