ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან და სთხოვა, თავი შეიკავოს ისრაელზე თავდასხმისგან. იუწყება Sky News
სტარმერმა ფეზეშქიანს უთხრა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი არავის ინტერესებში არ შედის
მან ასევე დაამატა, რომ ღრმად არის შეშფოთებული ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებით და მოუწოდა ყველა მხარეს დეესკალაციისკენ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი რეგიონული დაპირისპირება.
”არსებობს არასწორი გამოთვლების სერიოზული რისკი და ახლა მშვიდად და ფრთხილად დაფიქრების დროა”, - თქვა სტარმერმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კვლავ მხარს უჭერს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებასა და ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.
მან აღნიშნა, რომ ამ შედეგების მისაღწევად აუცილებელია დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე ორიენტირება.
მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ირანმა შესაძლოა, უკვე ამ კვირაში განახორციელოს თავდასხმა ისრაელზე.