რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა პუტინთან და შეეძლო მისთვის უკრაინაზე თავდასხმა გადაეფიქრებინა.
როგორც ტრამპმა მილიარდერ ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჯო ბაიდენის პოლიტიკის გამო მოხდა. მან თქვა, რომ ბაიდენმა დაიწყო საუბარი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე და ამან აიძულა პუტინი უკრაინაში შეჭრილიყო.
„ბაიდენმა დაიწყო ასეთი სისულელეების ლაპარაკი, მაგალითად, მან თქვა, რომ უკრაინა შეიძლება იყოს ნატო-ს წევრი, მაგრამ რუსეთის ფედერაცია არასოდეს დათანხმდებოდა ამას. ომის დაწყების ნულოვანი შანსი იქნებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, - თქვა ტრამპმა.
მან გამოთქვა მოსაზრება, რომ „უკრაინას ახლა არ ჰყავს საკმარისი კაცები“ საბრძოლველად, ამიტომ ქვეყანა იყენებს „ძალიან ახალგაზრდებს ან ძალიან მოხუცებს“.
ტრამპმა ისევ გაიმეორა დაპირება, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პუტინთან დიალოგს დაიწყებს. მან გაიხსენა, რომ "კარგად ურთიერთობდა პუტინთან და ჰქონდა მისგან პატივისცემა".
ტრამპმა ასევე თქვა, რომ მას ჰქონდა „ბევრი საუბარი უკრაინაზე“, „მე ვუთხარი პუტინს - არ გააკეთო ეს“, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ უკრაინა იყო ის, რაც პუტინს ყველაზე მეტად სურდა.
ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის გარემოცვა უკვე გამოეხმაურა ტრამპის ინტერვიუს მასკთან.
„ორი ყველაზე ცუდი ადამიანი, რომელსაც იცნობთ, ახლა ეთერშია“, - ნათქვამია კომენტარში.
მათ მასკს უწოდეს "ტრამპის ლაქია, რომელიც ავრცელებს თავის ბოროტ იდეებს მილიონობით აუდიტორიისთვის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებგვერდის საშუალებით".