რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2,5- წლიანი ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ კიევი აგრძელებს თავის პოზიციებზე დგომას, მეტიც, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან.
„ჩვენ ვამაყობთ თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენ აჩვენეთ ბევრი რამ, რაც მე არასოდეს მინახავს, მათ {რუსებმა} თქვეს, რომ კიევი დაეცემოდა სამ დღეში, ნახეთ, როგორ გამოვიდა, ისინი შეცდნენ.
ამდენი თვის შემდეგ თქვენი ხალხი ისევ იტანჯება, მაგრამ არის გამძლეობა და თქვენ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე ხართ. ეს სიმამაცეა, ეს შესანიშნავია. მიხარია, რომ თქვენ ამის შესახებ არ გვითხარით, არ გაგვაფრთხილეთ, მაგრამ გააკეთეთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.
მისი თქმით, რუსები ახლა უკვე იხდიან უკრაინაში შეჭრის ფასს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სწორია.
”იმედი მაქვს, რომ 2024 წელს თქვენ მიიღებთ მეტ სამხედრო დახმარებას კონგრესისგან, მომავალ წელს გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და რა თქმა უნდა, მშვენივრად გვესმის, რომ უკრაინის კეთილდღეობა შეერთებული შტატებისა და კონგრესის ინტერესებშია“, - დასძინა მან.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მოქნილი უნდა იყოს უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების ნებართვის საკითხში.
„შორ მანძილზე მოქმედი არტილერია საშუალება მისცემს უკრაინას შეტევაზე გადავიდეს და რუსეთს უკან დაახევინოს. F-16-ს უნდა მიეცეს საშუალება მაქსიმალური უპირატესობით იმოქმედოს უკრაინის დასაცავად. ამიტომ, იარაღზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რათა რუსეთმა გაიგოს რა მოხდება, თუ ის გააგრძელებს უკრაინის განადგურების მცდელობებს“, - დასძინა ლინდსი გრემმა.