შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, შინდისის გმირები არიან პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, ჩვენი ვალია, არასოდეს დავივიწყოთ ის გმირობა, რომელიც მათ ჩაიდინეს. უფრო მეტიც, ეს გმირობა არის ის, რაც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს. ამ ბიჭებმა აჩვენეს გაუტეხელი ქართული სული. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ გმირების მშობლებს, რომლებმაც ასეთი გმირები აჩუქეს სამშობლოს. მათ მოგვცეს ჩვენ პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის და თავგანწირვის მაგალითი. ჩვენი ვალია, ამ გმირების წინაშე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის და მშვიდობის შენარჩუნებისთვის ამ ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და გამორჩეულად მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში.
რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისში, რუსულ ჯართან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს.