უკრაინელი სამხედროების წარმატებულმა და ელვისებურმა გარღვევამ და შეტევამ კურსკის ოლქში აჩვენა ვლადიმირ პუტინის რეჟიმისა და მისი რუსული საოკუპაციო არმიის სისუსტე.
The Washington Post-ის შეფასებით, თუ რუსეთი იმავე ტემპებით გააგრძელებს შეტევას, რა სიჩქარითაც აქამდე უტევდა სხვა მიმართულებებით, კურსკის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ერთი წელი დასჭირდება.
კურსკის ოლქში მოქმედი უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადების რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, საერთო ჯამში ოლქში 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 600 ერთეული ტექნიკაა.
უკრაინის არმიის წარმატებული თავდასხმები მიუთითებს უპირატესობაზე ტერიტორიის კონტროლისა და ომის დასრულების მოლაპარაკებებზე ზეგავლენის მოხდენაზე.
გამოცემა წერს, რომ პუტინისთვის კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრა ვაგნერელების აჯანყების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა.
უკრაინელი სამხედროების წარმატებებმა გაზარდა მოსახლეობისა და ჯარისკაცების მორალური და სამხედრო სულისკვეთება უკრაინის ფრონტის ხაზზე და ძლიერი დარტყმა მიაყენა აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეპუტაციას.
გამოცემის ჟურნალისტების ცნობით, უკრაინელი სამხედროები უკვე აკონტროლებენ კურსკის ოლქის 20-მდე დასახლებას და ახლა კურსკის ატომური ელექტროსადგურისკენ მიემართებიან.
ჟურნალისტების თქმით, უკრაინელი სამხედროების ამოცანა იქნება დაკავებული პოზიციების გამაგრება, რაც მომავალში უკრაინას მისცემს გარკვეულ უპირატესობას სავარაუდო მოლაპარაკებების დროს კრემლის მიერ გაჩაღებული კრიმინალური ომის დასასრულებლად.