სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საბაჟო პროცედურების გამარტივება იგეგება.
აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ და გარკვეული დეტალების შესათანხმებლად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და ართვინის გუბერნატორი მუსტაფა იემლიჰალიოღლუ, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ მოდერნიზებული სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი ექსპლოატაციაში 2011 წლის 26 მაისს შევა. პროექტი ითვალისწინებს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის სრულ რეკონსტრუქციას, რომლის შემდეგ ახალი შენობა იქნება მაღალი გამტარუნარიანობის მქონე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, რომელიც დააჩქარებს და კომფორტულს გახდის საბაჟო გაფორმების პროცესს, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ისე ტვირთებისათვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის მიხედვით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გარკვეული ნაწილი შევა ზღვაში, რითაც მოხდება ტერიტორიის მნიშვნელოვნად გაფართოება.
იმავდროლად, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის ერთობლივ მართვაზე, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.