კლინიკა „ნეოლაბის“ კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიის შენახვა მხოლოდ სახელმწიფო ძალებით შეუძლებელია. მედიკოსის თქმით, საერთაშორისო კვლევების ჩასატარებლად საქართველოს რესურსი საკმარისი არ არის.
ბუწაშვილი ასევე ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეწყვეტამ გამოიწვიოს.
ძალიან გვინდა, ჩვენი ქვეყანა ისე განვითარდეს, რომ ეს მთლიანად ქვეყანამ აიღოს თავზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს გამორიცხულია. მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით დაფინანსება ნამდვილად არ არის საკმარისი, რომ ჩატარდეს ნამდვილი საერთაშორისო კვლევები. ლუგარის ცენტრში აპარატურაც არის ძალიან თანამედროვე და ზოგადად, ამ დაწესებულების შენახვა მთლიანად მხოლოდ საქართველოს ძალებით და იმ კვლევების გაგრძელება იმ მასშტაბით არის შეუძლებელი. კიდევ ვიმეორებ, დაფინანსების წყაროებში ყველაზე მთავარი წვლილი მაინც აშშ-ს აქვთ. არა მხოლოდ საქართველოში, რეგიონშია ერთადერთი ეს დაწესებულება, რომელსაც შეუძლია... პოტენციურად ყველანაირი საფრთხე შეიძლება არსებობდეს როგორც ბუნებრივი, ანუ გაჩნდეს მიკროორგანიზმები და გამოიწვიოს, ვთქვათ, ეპიდემიური აფეთქებები, ასევე ჩვენ ვიცით, რომ არ ვართ დაზღვეული ბიოტერორისტული აგენტებისგანაც. ყველა ასეთ შემთხვევაში ლუგარის ცენტრში არის იმის პოტენციალი, რომ ამის დიაგნოსტიკა დროულად ხდებოდეს და გარდა ამისა, მუდმივად მიმდინარე კვლევები ტარდებოდეს და კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ძალებით ეს ალბათ შეუძლებელია, - ამბობს მაია ბუწაშვილი.