უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომი უნდა დასრულდეს უკრაინის პირობებით და შესაძლებლად მიიჩნევს მშვიდობის ფორმულის პუნქტების განხორციელებას. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ ჯარისკაცებს რუსეთის აეროდრომებზე, ნავთობბაზებსა და ლოჯისტიკაზე თავდასხმისთვის. მისი თქმით, შაბათს მან მოისმინა ანგარიში ამ საკითხზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისგან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება ნებართვა პარტნიორებისგან რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე დარტყმების განსახორციელებლად.
„იქ, სადაც ოკუპანტია, იქ, საიდანაც რუსეთი უტევს უკრაინას, საიდანაც ესვრის რაკეტებს,“ შაჰედებს“, ბომბებს, ჩვენ გვჭირდება ეს გადაწყვეტილება, რათა ვიმოქმედოთ ყველა იმ იარაღით, რომელიც შეიძლება იყოს ეფექტური.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე და დავასრულოთ ომი უკრაინის პირობებით. და ყოველი დარტყმა, რომელიც ზუსტად პასუხობს რუსეთის საჰაერო ბომბებს, ანადგურებს რუსულ ლოჯისტიკასა და ბაზებს, რომელიც ურთულებს ოკუპანტს ჩვენს მიწაზე დარჩენას - ყოველი ასეთი დარტყმა აახლოებს ომის სამართლიან დასასრულს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც აგრძელებენ სანქციების დაწესებას რუსეთისა და იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მას ომში ეხმარებიან. მან აღნიშნა, რომ სანქციებმა უნდა იმუშაოს და გამკაცრდეს, რათა რუსეთმა მათთვის გვერდის ავლა ვერ შეძლოს.
„რაც უფრო რთული იქნება მოსკოვისთვის სამხედრო წარმოების შენარჩუნება და ჯარის უზრუნველყოფა, ეს მით უფრო მეტად აიძულებს რუსეთს მშვიდობას.
და ამიტომ არის აბსოლუტურად შესაძლებელი ჩვენი მშვიდობის ფორმულის პუნქტების განხორციელება,რომ მსოფლიო უმრავლესობა ახდენს ზეწოლას რუსეთზე, არ უჭერს მხარს მის სამხედრო აქტივობას და ნამდვილად სურს საერთაშორისო ურთიერთობებში სტაბილურობის აღდგენა.
სანქციები ხელს უწყობს ამას და დადგება ნამდვილი მშვიდობა. ეს მოხდება, თუ არ გამოიჩენთ სისუსტეს და არ დაიცავთ სამართლიანობის კურსს“, - განაცხადა ზელენსკიმ.