პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორს მოკვლით ემუქრებიან. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
გამოცემის ცნობით, თომას ჯოლიმ სამართალდამცავებს თავად მიმართა.
საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯოლის მიმართ მუქარის შემცველ გზავნილებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყეს.
როგორც Politico აღნიშნავს, თომას ჯოლის მიმართ მუქარა უკავშირდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის იმ ნაწილს, რომელშიც დრაგ არტისტები მონაწილეობდნენ და ბევრმა ეს წარმოდგენა ლეონარდო და ვინჩის ნახატს, „საიდუმლო სერობას“ შეადარა.
ოლიმპიადის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ არ აპირებდნენ რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენას. თავად ჯოლიმ განმარტა, რომ სცენა ეხებოდა „ოლიმპოს ღმერთებს და წარმართულ დღესასწაულს“ და არ იყო შთაგონებული ლეონარდო და ვინჩის ნახატით.
„ჩვენ გვაქვს უფლება, გვიყვარდეს, როგორც გვინდა და ვინც გვინდა, გვაქვს უფლება, გვწამდეს ან არ გვწამდეს… ჩვენ ბევრი უფლებები გვაქვს და იდეა მდგომარეობდა ამ ღირებულებების ჩვენებაში“, – განაცხადა ჯოლიმ.
მუქარებისა და შეურაცხყოფის შესახებ განაცხადა ასევე მსახიობმა, ბარბარა ბაჩმაც, რომელიც წამოდგენაში ცენტრალურ როლს ასრულებდა.