უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას სურს, რომ რუსეთმა მონაწილეობა მიიღოს მეორე სამშვიდობო სამიტში და ამიტომ უკრაინა არ შეიძლება შეეწინააღმდეგოს ამ ინიციატივას.
„დღეს მსოფლიოს უმეტესობა ამბობს, რომ მეორე სამიტზე რუსეთის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვამმშედეგებს ვერ მივაღწევთ.
იმიტომ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის და ისინი არიან ამ ომის მხარეები და ამიტომ მთელ მსოფლიოს სჭირდება, რომ რუსეთის წარმომადგენლები იყვნენ მეორე სამიტზე“, – განუცხადა ზელენსკიმ ფრანგულ მედიას.
ზელენსკის თქმით, ნოემბრის ბოლომდე უკრაინის ხელისუფლებამ უნდა მოამზადოს გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება მშვიდობის ფორმულაზე, რომელიც უკვე საჯაროდ იყო წარმოდგენილი მშვიდობის პირველ სამიტზე.
ამასთან, ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, ჩინეთმა არა სამშვიდობო ძალისხმევაში შუამავლობა შეასრულოს, არამედ სურს, რომ პეკინმა მოსკოვზე ზეწოლა განახორციელოს, რათა მას ომის დასრულება აიძულოს.
„ჩინეთს თუ სურს, მას შეუძლია, რუსეთს ომის შეწყვეტა აიძულოს. ჩინეთი არის ამ მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი და გავლენიანი სახელმწიფო. მე ვისურვებდი, რომ მათ მედიატორული როლი კი არ შეასრულონ, მე ვისურვებდი, რომ მათ რუსეთზე ზეწოლა განახორციელონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.