აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ იყო ჩართული თეირანში ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში და არ იცოდნენ მის შესახებ.
"ეს არის ის, რაც ჩვენ არ ვიცოდით და არ ვიყავით ჩართული. ამისი სპეკულირება ძალიან რთულია", - თქვა ბლინკენმა.
ბლინკენს ასევე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა ჰქონდეს გავლენა ომის მიმდინარეობაზე ჰანიეს მკვლელობას.
„მრავალი წლის განმავლობაში ვისწავლე, რომ არასდროს მოვახდინო სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შესაძლოა იქონიოს ერთმა მოვლენამ რაღაცაზე“, – განაცხადა ბლინკენმა სინგაპურში ვიზიტისას ადგილობრივ მედიასთან.
მან ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთში ცხრათვიანი ომის დასასრულებლად.
”ჩვენ გავაგრძელებთ ამისკენ სწრაფვას ვიდრე სჭირო იქნება”, - დასძინა ბლინკენმა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა რჩება საუკეთესო გზად რეგიონში დაძაბულობის განსამუხტად.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს. ის ირანს ახალარჩეული პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფებოდა.