საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც გამარჯვებულად გამოცხადდა ქვეყნის მოქმედი დიქტატორი ნიკოლას მადურო, ვენესუელა მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Foro Penal-ის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელისუფლება ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს.
სააგენტო AFP-ის ცნობით, საპროტესო აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით ათასი ადამიანი ესწრება. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი არ შეურიგდებიან მადუროს მიერ ხელისუფლების მორიგჯერ მიტაცებას და პირობას დებენ, რომ "ეს მთავრობა დაემხობა".
პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეების დარბევაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მონაწილეობდა სამთავრობო გასამხედროებული ჯგუფი Colectivos.
ვენესუელის პროკურატურის განცხადებით, დაკავებულია 750-მდე დემონსტრანტი.
29 ივლისს, ვენესუელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა ნიკოლას მადურო, რომელიც ქვეყენას 2013 წლიდან ერთპიროვნულად განაგებს. ცესკოს მონაცემებით, მადურომ ხმების 51,2 პროცენტი მიიღო, ოპოზიციონერმა ედმუნდო გონსალესმა კი - 44,2 პროცენტი.
ოპოზიციური პარტიების ალიანსის განცხადებით, მათ ხელთ აქვთ საარჩევნო უბნების 73,2%-ის ოქმებთან წვდომა, რომელიც ადასტურებს გონსალესის "მეწყერულ გამარჯვებას".
ვენესუელის ოპოზიცია არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებს.
30 ივლისს, ნიკოლას მადურომ ქვეყანაში მიმდინარე არეულობასთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.
"გონსალესი პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ხდება ვენესუელაში, კრიმინალურ ძალადობაზე, დაჭრილებზე, დაღუპულებზე, ნგრევაზე", - ციტირებს სააგენტო AFP მადუროს სიტყვებს.