მეფე ჩარლზ III-ის უმცროსი ვაჟი, სასექსის ჰერცოგი, ამბობს, რომ მისი მეუღლისთვის, მეგანისთვის დიდ ბრიტანეთში დაბრუნება ჯერ კიდევ სახიფათოა, რადგან მას შესაძლოა, თავს დაესხან.
აღნიშნული მოსაზრება ჰარიმ გამოთქვა თავის პირველ დიდ ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც სარჩელი შეიტანა კომპანია Mirror Group Newspapers-ის (MGN) გამოცემების წინააღმდეგ. აღნიშნული კომპანია ეკუთვნის მედია-მაგნატ რუპერტ მერდოკს.
ჰარის თქმით, სწორედ ამ გამოცემებმა ითამაშეს მთავარი როლი ოჯახთან მის უთანხმოებაში.
სასექსის ჰერცოგთან საუბარი ბრიტანულმა ტელეკომპანია ITV-ის გადამღებმა ჯგუფმა ჩაწერა, დოკუმენტური ფილმის - Tabloids On Trial-ისთვის.
შეკითხვაზე, მიიქცევს თუ არა სასამართლო გარჩევები კიდევ უფრო დიდი ყურადღებას წყვილის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ ცდილობს თავი აარიდოს საჯაროობას, ჰარიმ უპასუხა: „ნებისმიერ შემთხვევაში, საკმარისზე მეტი ყურადღება მე და ჩემს მეუღლეს ისედაც გვაქვს“.
”მე იძულებული გავხდი, ძალიან შორს წავსულიყავი. საკმარისია თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ყველა გამოქვეყნებულ მასალას კითხულობს და წაკითხულის შესაბამისად მოქმედებს. არ აქვს მნიშვნელობა დანა იქნება ეს თუ მჟავა.
რაც არ უნდა იყოს, ეს იწვევს ჩემს ღრმა შეშფოთებას და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არ მინდა ჩემი ცოლის ამ ქვეყანაში დაბრუნება,” - თქვა ჰარიმ.
სხვა საკითხებთან ერთად, ჰერცოგს ჰკითხეს, თუ რატომ აცხადებდა უზენაეს სასამართლოში შეტანილ საჩივარში, რომ დედოფალი ელისაბედ II მხარს უჭერდა მის განზრახვას ეჩივლა News Group Newspapers-ს (NGN)-ის გამოცემებისთვის.
"მე და ის {ელისაბედ მეორე} მის გარდაცვალებამდე ბევრს ვლაპარაკობდით და ის მხარს უჭერდა ამას {სასამართლოში ჩივილს}", - თქვა ჰარიმ.
სარჩელი NGN-ის წინააღმდეგ ინფორმაციის შესაძლო უკანონო შეგროვებასთან დაკავშირებით იქნა შეტანილი, რასაც მოპასუხე მხარე კატეგორიულად უარყოფს. არსებითი სასამართლო პროცესი იანვარშია ჩანიშნული.
ბრალდების ვერსიით, Daily Mirror-ის, Sunday Mirror-ის და The People-ის ჟურნალისტებმა გამოიყენეს უსაფრთხოების სამსახურის სისუსტეები მოსარჩელეების ხმოვან ფოსტაზე წვდომისთვის, მათი მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიერ დატოვებული შეტყობინებების მოსასმენად.
პრინც ჰარის შემთხვევაში, საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე ყოფილ შეყვარებულ ჩელსი დევისთან ურთიერთობისა და ძმასთან, პრინც უილიამთან სავარაუდო ჩხუბის შესახებ.
MGN-მ ადრე აღიარა, რომ 2004 წელს ჰოლდინგმა სთხოვა კერძო გამომძიებელს, მოეპოვებინა ინფორმაცია პრინც ჰარის შესახებ და ეს გაკეთდა მისი ტელეფონის გატეხვის შედეგად.
პრინცი ჰარის ადვოკატი დევიდ შერბორნი ბრალდებების ხაზს აყალიბებს იმ ფაქტზე, რომ სკოლის წლებში პრესა პრინცის ცხოვრებაში უკანონო მეთოდებით იჭრებოდა.
ეს მოიცავდა მის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას უკანონო გზებით, განსაკუთრებით ტელეფონზე მოსმენით.
MGN-ის ადვოკატი ენდრიუ გრინი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ პრინცი ჰარის ტელეფონი ოდესმე ისმინებოდა.
მისი თქმით, არცერთ ჟურნალისტს, რომლებიც სხვადასხვა დროს აცხადებდნენ, რომ პრინც ჰარის უსმენდნენ, ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.