რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ირანელები მის ლიკვიდირებას გეგმავდნენ. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth-ზე დაწერა.
ტრამპის თქმით, ასეთი სცენარის შემთხვევაში, იგი იმედოვნებს, რომ ამერიკა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის საპასუხოდ, ირანს გაანადგურებს.
"თუკი ისინი (ირანი) მოკლავენ პრეზიდენტ ტრამპს, რაც ყოველთვის შესაძლებელია, იმედი მაქვს, რომ ამერიკა მოსპობს ირანს, წაშლის მას დედამიწისგან - თუ ეს არ მოხდება, ამერიკელი ლიდერები ჩაითვლებიან „უგუნურ“ მშიშარად!", - წერს ტრამპი თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე, Truth Social.
დონალდ ტრამპმა ეს განცხადება დაურთო ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლიდან ამონარიდს, სადაც ეს უკანასკნელი საუბრობდა ტრამპის წინააღმდეგ ირანის სავარაუდო შეთქმულებაზე.
ამერიკულმა მედიამ გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა, რამდენიმე კვირის წინ, გააძლიერა ტრამპის უსაფრთხოება, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიიღო ცნობა, ირანის მიერ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადების თაობაზე, თუმცა ეს არ არის დაკავშირებული მისი მკვლელობის მცდელობასთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ 20 წლის ამერიკელის მიერ განხორციელდა.