აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ არ გაჩუმდება ღაზის სექტორში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ჰარისმა ისრაელის პრემიერ-მინსიტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან გამოთქვა სერიოზული შეშფოთება შეხვედრაზე და ნეთანიაჰუს უთხრა, რომ დროა მოლაპარაკება დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. იუწყება CNN
„ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი და მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ამას. რაც მოხდა ღაზაში ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, დამანგრეველია.
თვალწინ გვიდგას გარდაცვლილი ბავშვებისა და სასოწარკვეთილი, მშიერი ადამიანების კადრები, რომლებიც გარბიან უსაფრთხო ადგილების მოსაძებნად, ზოგჯერ იძულებული არიან მეორედ, მესამდე ან მეოთხედ გადაადგილდნენ. ამ ტრაგედიებისთვის გვერდის ავლა არ შეგვიძლია. თავს უფლებას ვერ მივცემთ დავმუნჯდეთ, გავჩუმდეთ ამ ტანჯვის შემხედვარე“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.
ჰარისმა გაიმეორა ბაიდენის განცხადებები ამერიკის "რკინისებური მხარდაჭერისა" და "ურყევი ვალდებულების" შესახებ ისრაელის მიმართ, მაგრამ მან გამოხატა სიმტკიცე ომის დასრულების შესახებ.
„დროა, დავასრულოთ ეს ომი და დავასრულოთ ისე, რომ ისრაელი უსაფრთხოდ იყოს, ყველა მძევალი გათავისუფლდეს, დასრულდეს პალესტინელების ტანჯვა ღაზაში და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს თავისუფლების, ღირსების და თვითგამორკვევის უფლების რეალიზება“, - თქვა ჰარისმა.
ჰარისმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ღაზაში მყოფი ამერიკელი მძევლების სახლში დაბრუნებაზე მუშაობს.
ბოლოს ჰარისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელი ხალხისთვის მნიშვნელოვანია ახსოვდეთ, რომ ღაზის ომი არ არის ბინარული საკითხი: „მოდით, ყველამ ერთად დავგმოთ ტერორიზმი და ძალადობა.
ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაიტანჯონ. დავგმოთ ანტისემიტიზმი, ისლამოფობია და ყველა სახის სიძულვილიდა ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე“, - თქვა ჰარისმა.