უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ გუანჯოუში ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკების შედეგად, მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს „დროებით გადაწყვეტილებებს“, არამედ მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის პრობლემის მდგრადი და სტრატეგიული გადაწყვეტისთვის.
კერძოდ, კულებამ მედიასთან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი არის ის, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ „ძალიან მკაფიოდ და არაერთხელ“ განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე უცვლელია.
მეორე მნიშვნელოვანი დიპლომატიური პუნქტი, მისი თქმით, არის პოზიცია უკრაინაში მდგრადი, სამართლიანი მშვიდობის დამყარების შესახებ.
„მე ვისაუბრე სამართლიანი მშვიდობის მნიშვნელობაზე და არა ნებისმიერ მშვიდობაზე და თავად ჩემმა ჩინელმა კოლეგამაც აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი {მშვიდობა}.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ მშვიდობა უნდა იყოს მდგრადი - ხანგრძლივი და სამართლიანი.
ჩვენ მივიღეთ მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი არ ეძებს დროებით გადაწყვეტილებებს, დროებით ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ მუშაობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის პრობლემის მდგრადი, სტრატეგიული გადაწყვეტისთვის“, - განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩინეთში მოლაპარაკება გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვანგ ისთან. შეხვედროს დროს კულებამ ჩინელ კოლეგასუთხრა, უთხრა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ რუსეთის მხრიდან ასეთი მზაობა არ არსებობს.