მჯერა, რომ ჩემი პრეზიდენტის თანამდებობა, ჩემი ლიდერობა მსოფლიოში, ჩემი ხედვა ამერიკის მომავლის შესახებ, ეს ყველაფერი მეორე ვადით არჩევას იმსახურებდა. მაგრამ არაფერი, არაფერი შეიძლება დადგეს ჩვენი დემოკრატიის გადარჩენის გზაზე - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მიმართვისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ერის გაერთიანებისთვის საუკეთესო გზა არის ესტაფეტის გადაცემა ახალი თაობისთვის.
„ბოლო კვირებში ეს ჩემთვის ნათელი გახდა. უნდა გავაერთიანო ჩემი პარტია ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან საქმეში. მჯერა, რომ ჩემი პრეზიდენტის თანამდებობა, ჩემი ლიდერობა მსოფლიოში, ჩემი ხედვა ამერიკის მომავლის შესახებ, ეს ყველაფერი მეორე ვადით არჩევას იმსახურებდა. მაგრამ არაფერი, არაფერი შეიძლება დადგეს ჩვენი დემოკრატიის გადარჩენის გზაზე, მათ შორის ვერც პირადი ამბიციები. ასე რომ, გადავწყვიტე, რომ საუკეთესო გზა ახლა არის ესტაფეტის გადაცემა ახალი თაობისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის. არის დრო და ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალწლიანი გამოცდილებისთვის. ასევე არის დრო და ადგილი ახალი თაობისთვის, ახალი ხმებისთვის, დიახ, ახალგაზრდა ხმებისთვის. და ეს დრო და ადგილი ახლაა. ეს საუკეთესო გზაა ჩვენი ერის გაერთიანებისთვის“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
"მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ თანამდებობას, მაგრამ ჩემი ქვეყანა უფრო მიყვარს, " - აღნიშნა პრეზიდენტმა.
„ამერიკაში მთავარი ის არის, რომ მას არ მართავენ მეფეები და დიქტატორები. ამას აკეთებს ხალხი. ისტორია თქვენს ხელშია. ძალაუფლება თქვენს ხელშია. ამერიკის იდეა თქვენს ხელშია“, - თქვა ბაიდენმა.
საპრეზიდენტო არჩევნებიდან წასვლის შემდეგ ერისადმი თავის პირველ მიმართვაში, 81 წლის პრეზიდენტმა თქვა, რომ თანამდებობაზე დარჩება მისი ვადის დარჩენილი ექვსი თვის განმავლობაში.
„მე გავაგრძელებ შრომისმოყვარე ოჯახებისთვის ხარჯების შემცირებას, ჩვენი ეკონომიკის გაზრდას. გავაგრძელებ ჩვენი პირადი თავისუფლებების დაცვას და ჩვენი სამოქალაქო უფლებების დაცვას, ხმის მიცემის უფლებიდან არჩევანის უფლებამდე. გავაგრძელებ მოწოდებას, რომ ამერიკაში პოლიტიკური ძალადობისთვის, ან რაიმე სახის ძალადობისთვის ადგილი არ არის. ვაპირებ, გავაგრძელო მუშაობა ღაზაში ომის დასასრულებლად. დავაბრუნოთ სახლში ყველა მძევალი და დავამყაროთ მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში და დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ გავაგრძელებთ ამაყი ქვეყნების კოალიციის შეკრებას, რათა შევაჩეროთ პუტინი და არ ჩავაგდებინოთ ხელში უკრაინა. ჩვენ შევინარჩუნებთ ნატო-ს უფრო ძლიერს, უფრო ძლიერს და უფრო გაერთიანებულს, ვიდრე ოდესმე ყოფილა ჩვენს ისტორიაში“, - აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, ამერიკა გარდამტეხ მომენტშია.
„ამერიკას მოუწევს არჩევანის გაკეთება წინსვლასა თუ უკანსვლას, იმედსა და სიძულვილს შორის, ერთიანობასა და განხეთქილებას შორის. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ: მაინც გვჯერა პატიოსნების, წესიერების? თავისუფლების, სამართლიანობის და დემოკრატიის? ამ მომენტში ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ ისინი, ვისაც არ ვეთანხმებით, არა როგორც მტრები, არამედ როგორც ჩვენი თანამემამულე ამერიკელები“,- თქვა ბაიდენმა.
11-წუთიანი გამოსვლისას ბაიდენმა ახსენა საფრთხე, რომელიც, მისი აზრით, ამერიკელებს შეექმნებათ, თუ ტრამპი 5 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს.
მან თქვა, რომ ის ტოვებს რბოლას, რათა დაეხმაროს დემოკრატიულ პარტიას მიყენებული ჭრილობების შეხორცებაში და გააერთიანოს დემოკრატები გამარჯვებისთვის.