გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიის მთავრობა კიევის მხარდაჭერასთან ერთად ცდილობს თავიდან აიცილოს რუსეთთან ნატო-ს ურთიერთობების ესკალაცია.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რამდენ ხანსაც ეს საჭიროა, და ამავდროულად, ყველა ჩვენი გადაწყვეტილება აწონ-დაწონილია, რათა თავიდან ავიცილოთ ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის“, - თქვა მან ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამის საფუძველზე გერმანია „მკაფიოდ მიუთითებს“ რა ტიპის იარაღის მიცემა შეუძლია უკრაინისთვის. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ მან კიევს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების უფლება მისცა, მაგრამ მხოლოდ ხარკოვის რეგიონის მოსაზღვრე რაიონებში.
ამავდროულად, მან ისაუბრა გერმანიის ტერიტორიაზე ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგების შესახებ და მიუთითა საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე.
მისი თქმით, ეს ჩართულია გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. ”ეს ემსახურება ომის თავიდან აცილებას”, - თქვა შოლცმა.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს მოსკოვმა, რათა შეაჩეროს ამერიკული რაკეტების განლაგება, მან უპასუხა: ”რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი უკრაინაში”.
გერმანიის კანცლერი კიევის მოთხოვნის მიუხედავად, მრავალი თვეა უარს ამბობს უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი TAURUS-ის სისტემების გადაცემაზე.
„შეუძლებელია მიაწოდო ძალიან შორ მანძილზე მომქედი იარაღი და არ იფიქრო იმაზე, თუ როგორ უნდა გააკონტროლო ის. კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ გერმანელი ჯარისკაცების მონაწილეობით, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია“, - თქვა მან მარტში.
შოლცი უკრაინაში TAURUS-ის რაკეტების გადაცემაზე უარს ამართლებს იმის შიშით, რომ გერმანია, შესაძლოა ჩათრეული აღმონდეს რუსეთ-უკრაინის ომში.