თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება, - ამის შესახებ ტერორიზმისა და ამბოხების მუხლით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული უკრაინაში მებრძოლ გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
მისი თქმით, სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და პარტიის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებაზე.
„თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებს. იყო საუბარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, დასახელდა ბიძინა ივანიშვილი. კითხვები იყო, ხომ არ აპირებ ტერორისტულ აქტში მონაწილეობასო, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება. ეკითხებიან ადამიანს, რადგანაც შენ ხარ მებრძოლი უკრაინაში, ხომ არ აპირებ ამ ტერორისტულ აქტებში და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღებასო“, – განაცხადა რამიშვილმა.
დვოკატიდს თქმით, აღნიშნულს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური შეზღუდვებისთვის იყენებს.
მივესალმები, რომ უნდა გამოიძიონ, მაგრამ ვინმეს ნიშნის მოსაგებად არ უნდა შექმნან ისეთი პირობა, თითქოს საქართველოში საშიშროება არსებობს. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოში არსებობს საშიშროება, მაგრამ იმიტომ არსებობენ პროფესიონალური ორგანოები, რომ ასეთი რაღაცები აღკვეთონ. არ უნდა იყოს ეს წინასაარჩევნოდ და არ უნდა იქმნებოდეს ფონი, თითქოს ჩვენ ვართ ტერორისტული ქვეყანა. ჩვენ ვართ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ეს არის ძალიან ცრუ ინფორმაცია და მისი გამავრცელებელი უნდა შეწუხდეს ისე, რომ პასუხი აგოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობს, უწყებამ უკვე გამოჰკითხა რამდენიმე პირი.