უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „არავინ დათანხმდება“ ომს, რომელიც მრავალ წელიწადს გაგრძელდება, მაგრამ თუ ომი გაგრძელდება, უკრაინა არჩევნების ჩასატარებლად გამოსავალის მოძებნას შეეცდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ВВС-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა, გააგრძელებს თუ არა ზელენსკი პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას, თუ ომი უკრაინაში 10 წელიწადს გაგრძელდება, რადგან კრიტიკოსებმა შეიძლება თქვან, რომ უკრაინა ამ შემთხვევაში არ იქნება დემოკრატიული ქვეყანა.
„უპირველესად, არავინ დათანხმდება ომს, რომელიც გაგრძელდება კიდევ 10 ან მრავალ წელიწადს. ეს ძალიან რთულია. რთულია მსოფლიოსთვის, რთულია ყველასთვის. და მე ვფიქრობ, რომ ეს რეალურად შეუძლებელია. ეს პირველი.
მაშინ ბევრი მსხვერპლი იქნება, ისედაც ბევრია და კიდევ ბევრი იქნება. ამის დაშვება არ შეიძლება. ეს არის მეორე.
მესამე - სიამოვნებით გავმართავდი არჩევნებს, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა. და თუ ომი გაჭიანურდება (კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გაჭიანურდეს), მაგრამ თუ გაჭიანურდება, ესა თუ ის გამოსავალი უნდა მოვძებნოთ.
ჯერ არ ვიცი როგორი {გამოსავალი}. ეს რთულია, რადგან ეს არის ცვლილებები უკრაინის კონსტიტუციაში. ომის დროს კონსტიტუცია არ შეიცვლება, საომარი მდგომარეობის დროს არ ტარდება არჩევნები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მისთვის დადგეს ისეთი მომენტი, როდესაც მას დასჭირდება უფლებამოსილების სხვისთვის გადაცემა, ზელენსკიმ დადებითად უპასუხა, მაგრამ დასძინა, რომ ეს მოხდება ომის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ომისა და ვლადიმირ პუტინის დასრულება.
”ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს {ომი} და უნდა დავასრულოთ ის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის,” - თქვა მან. როდესაც სთხოვეს დაზუსტება, გულისხმობდა თუ არა პუტინს, ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ“.