რესპუბლიკელების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკრაინაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა და სიტუაციის შეცვლის პირობა დადო.
„მე დავასრულებ დღევანდელი ადმინისტრაციის მიერ შექმნილ ყველა საერთაშორისო კრიზისს, მათ შორის საშინელ რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის დროს, არასდროს მოხდებოდა“, - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე ახსენა ომი ახლო აღმოსავლეთში და განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომი საშინელი იქნება იმ შეარაღების გამო, რომელივ კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომია.
"ეს იარაღი დამღუპველია. ცვლილებების დროა", - თქვა მან.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის სხვა პრეზიდენტების დროს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, დაიპყრო ყირიმი და ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, მას სურს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება.
"პრეზიდენტ ტრამპის დროს რუსეთს არაფერი მიუტაცებია... ნებისმიერი ომის შეჩერება სატელეფონო ზარით შემიძლია", - განაცხადა ტრამპმა.