ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრს, არ შეასუსტოს უკრაინის მხარდაჭერა, მიმდინარე წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც.
„უაღრესად მნიშვნელოვანია“, რომ ვაშინგტონმა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, თქვა სტოლტენბერგმა დიდ ბრიტანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში.
მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა წარადგინა ოჰაიოს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად, ბევრმა გამოთქვა შეშფოთება, რომ არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ აშშ-ის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის დონე უკრაინის მიმართ შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს.
მედია წერს, რომ ვენსი მხარს უჭერს ფრონტის ხაზის გაყინვას არსებულ საზღვრებზე, რომელშიც უკრაინის რამდენიმე ტერიტორია რუსეთს დარჩება.
როგორც იენს სტოლტენბერგმა დიდ ბრიტანეთში განაცხადა, უკრაინის მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს „ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთობლივი ძალისხმევით“. ამავდროულად, ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, შეერთებული შტატები, კიევის ყველაზე უახლოესი მოკავშირეა.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა შეერთებული შტატების ინტერესებში შედის. თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს არა მხოლოდ უკრაინელებისთვის იქნება ტრაგედია, არამედ მსოფლიოს კიდევ უფრო სახიფათოს და დაუცველს გახდის.
„თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს შევთანხმდეთ გამოსავალზე, რომლის თანახმად, უკრაინა იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაშინ ამისკენ მიმავალი გზა გადის უკრაინის უფრო დიდ მხარდაჭერაზე“, - თქვა სტოლტენბერგმა.