რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელი მზადდება. სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი "აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული", თუმცა, ჯერჯერობით უცნობია თუ რა ფორმით.
„ამ და სხვა მრავალ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაძლო შეუთავსებლობასთან დაკავშირებით ვამზადებთ ჩვენს მოსაზრებებს და ამას წარვუდგენთ სასამართლოს. სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილოებას, ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით, რომელსაც წარვადგენთ სასამართლოში თუ სხვა ფორმით. ასე რომ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამაზე მე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა განსხვავებული, კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების გზით, თუმცა ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იქნა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
აღნიშნულ საკითხზე დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით პრეზიდენტი მიმართავს.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ისინი რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.