სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ტრამპისა და მისი მკვლელობის მცდელობის სცენარები ერთმანეთს „ზუსტი ასლივით“ ჰგავს.
„სცენარები ზუსტი ასლივით ჰგავს ერთმანეთს. ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ მის გაჩუმებას და როცა ვერ ახერხებენ, ისე აღიზიანებენ საზოგადოებას, რომ ვიღაც ღარიბი ბიჭი იარაღს იღებს. ახლა კი დავინახავთ საუბრებს შერიგების აუცილებლობაზე, დამშვიდებასა და პატიებაზე“, – წერს რობერტ ფიცო.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს თავს 15 მაისს დაესხნენ. თავდამსხმელმა მას ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ჭრილობა მიაყენა. თავდამსხმელი 71 წლის იურაი ცინტულაა, რომელიც პოლიციამ ადგილზევე დააკავა.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კი გუშინ პელსილვანიაში საარჩევნო მიტინგზე ესროლეს.
პენსილვანიის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმედ დაიჭრა.
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ტრამპზე თავდახმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ის ლიკვიდირებულია.