უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება CNN-თან ინტერვიუში მიესალმა ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას ვაშინგტონში უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნა, რომ კიევის გაწევრიანება უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს.
„ჩვენ სრულიად ბედნიერი ვიქნებით, როცა უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და ეს დაპირება შესრულდება. ჩვენ ვნახეთ ძალიან გამამხნევებელი სიგნალები ყველა დონეზე ბოლო ორი დღის განმავლობაში, რომ გაწევრიანების გზა შეუქცევადია, რომ უკრაინა ნატო-ში იქნება.
მაგრამ ჩვენ ვერ დაველოდებით კიდევ 75 წელი უკრაინის {ნატო-ში} გაწევრიანებას. ეს უნდა მოხდეს ადრე და არა მოგვიანებით. რადგან ეს არის ერთადერთი გზა ევროატლანტიკურ რეგიონში სტრატეგიული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტირებისთვის“, - აღნიშნა კულებამ.
კულებამ დასძინა, რომ ალიანსის სამიტზე უკრაინამ მოისმინა დაპირებები დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ, კერძოდ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ასევე გადაწყვეტილება კიევის ნატო-სკენ „შეუქცევად გზაზე“.
მინისტრის თქმით, ახლა უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, მიაწოდოს არმიას საკმარისი იარაღი, რათა მან შეძლოს თავისი პოზიციების დაკავება.
ვაშინგტონის ნატო-ს სამიტის კომუნიკეში ნათქვამია, რომ უკრაინის გზა ალიანსისკენ შეუქცევადია. თუმცა, სამიტმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე მიწვევოს შესახებ, რადგან სახელმწიფოებს შორის შესაბამისი კონსენსუსი ამ დროისთვის არ არსებობს.