უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ბაიდენმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა.
თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა დეტალები არ დააკონკრეტა. მან მხოლოდ განმარტა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი დეტალებს შემდგომში გაავრცელებს.
მან ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ F-16-ის ტიპის გამანადგურებლები უკრაინაში ამ ზაფხულს ჩავიდეს.
შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს ხარკოვის რეგიონში რუსი ოკუპანტების წინსვლის შეჩერება და მტრისთვის დიდი ზიანის მიყენება. მისი თქმით, ეს ცხადყოფს, რომ რუსეთი უკრაინაში ვერ გაიმარჯვებს.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იქნება. ”ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით”, - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან იქნება საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა შეჩერდეს რუსული ტერორი.
"ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი და რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ მშვიდობა", - აღნიშნა ზელენსკიმ.