უკრაინა ნატო-ს წევრობის შეუქცევად გზაზე დგას, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში.
ნატო-მ ვაშინგტონის სამიტის ვრცელი ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.
„უკრაინის მომავალი ნატო-შია. უკრაინა სულ უფრო თავსებადი და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან […].
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მის შეუქცევად გზაზე სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ნატო-ში გაწევრიანებამდე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენ უკრაინას ალიანსში გაწევრიანების მოწვევას გავუგზავნით , როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები,” - აღნიშნულია დეკლარაციაში.
ასევე საუბარია ნატო-ს ფარგლებში სტრუქტურების შექმნაზე, უკრაინის მხარდაჭერის კოორდინირებისთვის.
ამასთან, ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარება გაუწიონ და 2025 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 40 მილიარდი ევრო გამოუყონ.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას გაძლიერებაში, რომელსაც შეუძლია, დაამარცხოს რუსული აგრესია დღეს და შეაჩეროს ის მომავალში. ამ მიზნით, ჩვენ ვაპირებთ, გამოვყოთ მინიმალური ძირითადი დაფინანსება 40 მილიარდი ევროს ოდენობით მომდევნო წლის განმავლობაში“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
გარდა ამისა, ალიანსმა აიღო ვალდებულება გრძელვადიანი დახმარება გაუწიოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და არა მხოლოდ 2025 წელს, რათა „უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების მდგრადი დონის დახმარება უკრაინის საჭიროებების, ეროვნული ბიუჯეტის, ასევე პროცედურების და უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების გათვალისწინებით, რომლებიც ალიანსის წევრებმა უკრაინასთან გააფორმეს.