პარტია „დროას“ წევრი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში , ალექსი პეტრიაშვილი ვაშინგტონში გამართული ნატო-ს სამიტის დეკლარაციას ეხმიანება. რომელშიც საქართველო მხოლოდ ერთხელ, მოლდოვასთან ერთად არის ნახსენები.
"გუშინ ჟურნალისტები რომ მეკითხებოდნენ, რა მოლოდინი გაქვს საქართველოზე ნატო სამიტიდანო, ჩემი პასუხი იყო, 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილების დადასტურება თუ იქნება, უკვე კარგია თქო!
ქოცებო თქვე რუსებო! მიაღწიეთ ხო საწადელს?
ერთადერთხელ არის საქართველო ნახსენები და ისიც მოლდოვასთან ერთად რუსული ჯარების გაყვანის კონტექსტში!
3-4 თავი მარტო საქართველო ეძღვნებოდა სტაბილურად. გადაამოწმეთ თავად!
ტფუ თქვე მართლა სერგოორჯონიკიძეებო თქვენ!
დასრულებულები ხართ ქოცებო თქვე რუსებო! უბრალოდ 3.5 თვე უნდა გავძლოთ და 26 ოქტომბერს საბოლოოდ დაგამთავროთ!”, - წერს პეტრიაშვილი.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.
„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მოლდოვისა და საქართველოს თანხმობის გარეშე“, - ნათქვამია ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში.
უნდა აღინიშნოს, რომ დეკლარაციის ტექსტში საქართველო მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული. გასული 2023 წლის ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში საქართველო 13-ჯერ იყო ნახსენები. გასული წლის დოკუმენტში საუბარი ასევე შეეხებოდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასაც, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP) და ასევე, ნახსენები იყო წლიური ეროვნული პროგრამაც (ANP).