აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ F-16-ის ტიპის თანამედროვე გამანადგურებლები დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკვე უკრაინისკენ მიემართებიან. მისი თქმით, F-16-ები უკრაინის ცაში ამ ზაფხულს იფრენენ.
„ახლა, როდესაც ვსაუბრობთ, F-16-ების უკრაინისთვის გადაცემის პროცესი უკვე დაწყებულია. მათ შორის დანიიდან, ნიდერლანდებიდან. ეს თვითმფრინავები უკრაინის ცაში წელს ზაფხულში იფრენენ, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ განაგრძოს საკუთარი თავის ეფექტურად დაცვა რუსეთის აგრესიისგან“, – განაცხადა ბლინკენმა.
ამასთან, შეერთებული შტატების, დანიისა და ნიდერლანდების ლიდერებმა, რომლებიც ხელმძღვანელობენ ე.წ. გამანადგურებლების კოალიციას, დაადასტურეს, რომ უკრაინა ზაფხულის განმავლობაში მიიღებს პირველ F-16-ებს.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის დანიისა და ნიდერლანდების ლიდერების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.