ერთობას, ერთიანობას, ამ იდეას ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჰყავდა და ჰყავს თქვენი პარტიის დამფუძნებლის სახით, – ახალი გაერთიანების „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ წევრმა, არმაზ ახვლედიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარტიის ყრილობაზე მიმართა.
„ერთი რამ ვიცი, დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩვენი სამშობლო უფსკრულის პირასაა. ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია. ერთობა, ერთიანობა, ამ იდეას ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჰყავდა და ჰყავს თქვენი პარტიის დამფუძნებლის სახით. მეც ამ იდეას ვემხრობი და მიმაჩნია – ერთადერთი გზა, რომ ხერხემალში გადავტეხოთ პოლიციური რეჟიმი, ესაა, რომ ვინც აქ ვართ, ყველამ, მთელ საქართველოში შევძლოთ, კეთილგონიერებით, სიმართლით, სიმტკიცით, ერთიანი ფრონტით საყრდენი გამოვაცალოთ ამ რეჟიმს და აღვადგინოთ საყრდენი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების" დასასრულებლად როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკოსების გაერთიანების დროა.
„საქმე ისაა, რომ მთავარია ჩემთვის წერტილი არ დაესვას საქართველოს ევროპულ მომავალს და დამოუკიდებლობას. დღეს, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთიანობა, კეთილგონიერი ერთობა პოლიტიკოსების და საზოგადოების და მე ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. ეს შესაძლებელია, როგორც არასდროს, უბრალოდ უნდა დავთმოთ ამბიციები და გავაცნობიეროთ, რომ საქართველო არის უფსკრულის წინაშე. ვინც იქნება ამ ერთობაში, კი ბატონო, იქნება ალბათ კიდევ სხვა ერთობა. მთავარია ვიყოთ კეთილსინდისიერად, არა იმიტომ, რომ რაღაცას გამოვრჩეთ, არამედ დავიხარჯოთ საქართველოსთვის. ეს თუ გამოგვივა, მაშინ გამოვა საქმეც. მინდა მოვიკითხო მდინარაძე და ასეთ რამეს ვეტყოდი მის პარტიას. მე მინდა ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციურ ერთობაში ვარ იმის შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ის, თუ რომელ პოლიტიკურ გაერთიანებაში ვიქნები, ჩემი არჩევანია", - განაცხადა ახვლედიანმა.
არმაზ ახვლედიანი დღეს წარადგინეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ წევრად.