ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა დახმარების ახალ პაკეტს ვაშინგტონში ალიანსის სამიტამდე მიიღებს. ეს მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს და საბრძოლო მასალას.
CBS-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ალიანსი მნიშვნელოვნად აძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას და ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ახალ პროგრამებს და გრძელვადიან ვალდებულებებს.
„მოველით, რომ სამიტამდე, რომელიც მომავალ კვირას დაიწყება, ახალი განცხადებები გაკეთდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და საბრძოლო მასალის რაოდენობის გაზრდის შესახებ“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე გამოცხადდება ახალი ინიციატივები უკრაინის დასახმარებლად. კერძოდ, გერმანიაში ლოგისტიკური ცენტრის შექმნის შესახებ, სადაც უკრაინელი სამხედროების საწვრთნელი აღჭურვილობა იქნება შენახული.
„ეს იქნება სამიტის დიდი და მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც უფრო ძლიერ საფუძველს შექმნის უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მან.
გენერალური მდივნის თქმით, ახლა ალიანსის მთავარი ამოცანაა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა. ეს ასევე არის ბლოკში კიევის მომავალი გაწევრიანების წინაპირობა.
სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა არის პუტინის დარწმუნება, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვება შეუძლებელია. ამისათვის საჭიროა უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარება, რაც უზრუნველყოფს მის უპირატესობას ფრონტზე.
„ის უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და აღიაროს უკრაინა, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.