უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოსკოვში ვიზიტის დეტალებზე შვეიცარიულ გამოცემა Weltwohe-თან ისაუბრა.
ორბანმა თქვა, რომ კიევში ვიზიტიდან ორი დღის შემდეგ მისი მოგზაურობა რუსეთში, საიდუმლოდ მზადდებოდა.
„იმის გამო, რომ ტელეკომუნიკაციები სხვა "სერიოზული ბიჭების" მიერ ისმინება, მე გავუგზავნე ფარული შეტყობინება საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ რაღაცის ორგანიზება უნდა მოეხდინა. მე ვცდილობდი, რომ ეს მაქსიმალურად გასაიდუმლოებული ყოფილიყო“, - თქვა ორბანმა.
მისივე თქმით, ინფორმაციამ რუსეთში ვიზიტის შესახებ მხოლოდ იმ მომენტში გაჟონა, როდესაც უნგრეთმა პოლონეთს სთხოვა ნებართვა მის ტერიტორიაზე უნგრეთის სამხედრო თვითმფრინავების ფრენის ნებართვა გაეცათ.
ორბანმა თქვა, რომ მისი მოლაპარაკება პუტინთან დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა და შეხვედრის დროს მან პუტინს სამი შეკითხვა დაუსვა: რას ფიქრობდა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ არსებული წინადადებებზე, მზად იყო თუ არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტისთვის და როგორი წარმოედგინა უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპაში ომის დასრულების შემდეგ.
უნგრეთის პრემიერის თქმით, პუტინმა უპასუხა, რომ „ნამდვილი მოლაპარაკებები ორივე მხარის მონაწილეობის გარეშე ვერ დაიწყება“. ”ასე რომ, ყველაფერი, რასაც მის {რუსეთის} გარეშე ვაკეთებთ, არაფერს ნიშნავს. რაც საკმაოდ ლოგიკურია“, - განაცხადა ორბანმა.
პუტინმა ასევე განუცხადა ორბანს, რომ ის არ იყო ოპტიმისტურად განწყობილი, რომ დროებითი ზავი შესაძლებელი იქნებოდა და რომ მას ჰქონდა გეგმა ევროპისთვის ომის შემდეგ.
უნგრეთი ამჟამად ევროპულ საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა დაგმეს ორბანის ვიზიტი მოსკოვში და განაცხადეს, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება აწარმოოს პუტინთან მოლაპარაკებები ევროკავშირის სახელით.