აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდეს გამოეთიშოს არჩევნებს და ადგილი დაუთმოს დემოკრატიული პარტიის სხვა წარმომადგენელს. ბაიდენს შესაბამისი წერილი გაუგზავნეს მისი საარჩევნო კამპანიის დონორთა ჯგუფმა, საზოგადოების ლიდერებმა და ცნობილმა მეწარმეებმა, წერს The Washington Post.
„ჩვენ პატივისცემით მოგიწოდებთ, უარი თქვათ არჩევნებზე ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი ერის მომავლისთვის“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს დემოკრატიული პარტიის 168 გავლენიანი წარმომადგენელი და მხარდამჭერი.
გამოცემის წყაროს ცნობით, წერილი გადაეცა თეთრი სახლის რამდენიმე მრჩეველს
"ჩვენ ფართოდ ვისაუბრეთ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება მოიტანოს დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევას. რისკები ამერიკისთვის არის სერიოზული: გლობალური და საშინაო არასტაბილურობა, ჩვენი მოკავშირეების მიტოვება, კლანური კაპიტალიზმი, პოლიტიკური ანგარიშსწორება და ქალთა და სხვათა უფლებების შემდგომი ეროზია“, - ნათქვამია წერილში.
ხელმომწერებმა მოუწოდეს ბაიდენს „გადასცეს ჩირაღდანი“ აშშ-ის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის მაგალითზე, რომელმაც გადაწყვიტა არ მოეპოვებინა მესამე საპრეზიდენტო ვადა და ამით საფუძველი ჩაუყარა პრეზიდენტების მხოლოდ ორი ვადით არჩევის ტრადიციას.