ოჯახმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპთან წარუმატებელი დებატების მიუხედავად, უარი არ თქვას საპრეზიდენტო რბოლაზე.
კემპ დევიდში ბაიდენის რეზიდენციაში, ოჯახურ შეკრებაზე ახლობლებმა სახელმწიფოს 81 წლის მეთაური უპირობო მხარდაჭერაში დაარწმუნეს. იუწყება CNN
ამასთან, გამოცემა Politico იტყობინება, რომ ნათესავებმა ბაიდენის წარუმატებლობაში პასუხისმგებლობა მის მრჩევლებს დააკისრეს.
მათი აზრით, ბაიდენი არ იყო მზად უფრო აქტიურად გაეკრიტიკებინა ტრამპი და ზედმეტად იყო ორიენტირებული თავდაცვაზე, იმის ნაცვლად, რომ თავისი ხედვა გამოეთქვა მისი მეორე ვადის შესახებ.
ჯო ბაიდენი ოჯახს კემპ დევიდში გასული კვირის ბოლოს წინასაარჩევნო ღონისძიებების შემდეგ შეხვდა.
ბაიდენი თეთრ სახლში ორშაბათს, 1 ივლისს ბრუნდება. სხვა ღონისძიებებთან ერთად, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა დემოკრატიული პარტიის დონორებთან.
ჯო ბაიდენი, ისევე როგორც დონალდ ტრამპი, იმედოვნებს, რომ ნოემბერში ხელახლა გაიმარჯვებს.
ბოლო დრომდე ჩანდა, რომ ბრძოლა თითქმის თანაბარი იქნებოდა. მაგრამ ბაიდენის წარუმატებელმა გამოსვლამ სატელევიზიო დებატებზე გამოიწვია ფართო მსჯელობა შეერთებულ შტატებში იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მას კვლავ იმსახუროს პრეზიდენტად და უნდა დაუთმოს თუ არა გზა ახალგაზრდა კანდიდატს.