ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენით ინგლისის საფეხბურთო კლუბი "ლივერპული" სერიოზულად არის დაინტერესებული და მას ალისონ ბეკერის შემცვლელად მოიაზრებს. ბრაზილიელი მეკარის შეძენა საუდის არაბეთის არაერთ კლუბს სურს და თუ სცენარი ასე განვითარდა, კლუბის აზრით, მამარდაშვილი მას იდეალურად შეცვლის.
როგორც ამ ეტაპზე არის ცნობილი, „ვალენსია“, ფინანსური კრიზისის თავიდან ასარიდებლად, მზადაა გიორგი გაყიდოს, მისი საწყისი ფასი კი, 40 მილიონი ევროა. მამარდაშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარი მომავლის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ყველაფერს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში 93 შეხვედრა ჩაატარა, 6 მატჩში ესპანეთის თასზე ითამაშა, ხოლო ერთხელ - ესპანეთის სუპერთასზე. “ღამურების” მაისურით ჯამში ჩატარებულ 100 შეხვედრაში გიორგიმ 112 გოლი გაუშვა, 31 თამაშში კი კარის მშრალად შენახვა შეძლო.
გიორგი მამარდაშვილი ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა და გასაკვირი არაა, რომ ევრო 2024-ზე ასეთი პერფორმანსის შემდეგ, დაინტერესებული გუნდების რაოდენობა ყოველდღიურად მოიმატებს.
europop