უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკიზე რუსეთის ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაღუპულია შვიდი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის განცხადებით, ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
„ამჟამად გვაქვს ინფორმაცია 7 დაღუპულის შესახებ. საავადმყოფოში 20-მა ადამიანმა მიიღო სამედიცინო დახმარება. 4 მოზრდილის და 1 ბავშვისმდგომარეობა მძიმეა. რუსეთი ჩვენს ხალხს კლავს და ქალაქებს ანგრევს. მტერმა უნდა აგოს პასუხი ყველა ჩადენილ საშინელებაზე“, - აღნიშნა მან.
მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ დაშავებულტა შორის ოთხი ბავშვია.
„დარტყმის შედეგად დაზიანდა კომერციული ფართები, სახლები და მანქანები. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიერ ყველა ხანძარი ლოკალიზებულია. მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან პოლიციელები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, მესაზღვრეები და სხვა სამსახურები“, - აღნიშნა მან.